27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
რაზე საუბრობენ მოწმეები, რომლებმაც ლევან კაჭარავას მანქანაში დაცხრილვის შემდეგ 2 მამაკაცი შენიშნეს - ახალი დეტალები ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში

ახალი დეტალები ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმეში - პოლიცია, სავარაუდოდ, ორ დამნაშავეს ეძებს. ავტობუსის მგზავრები, რომლებიც მკვლელობის ადგილზე, პოლიციის მისვლამდე აღმოჩნდნენ, სავარაუდოდ, გამოძიებამ უკვე გამოკითხა. წყნეთის გზატკეცილზე აღნიშნული ავტობუსი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გეგმიური მარშრუტის დროს აღმოჩნდა. ორმა მგზავრმა სავარაუდო დამნაშავეები მიმალვის მომენტში დაინახა.

ეს ინფორმაცია ავტობუსის მძღოლმა გამოძიებასაც მიაწოდა, ისევე როგორც ტრანსპორტის სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები. სავარაუდო დამნაშავეები, შესაძლოა, ჩანაწერებშიც ჩანდნენ. მოწმედ რამდენიმე მძღოლი გამოჰკითხეს.

დანაშაულის ადგილას მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ არის, თუმცა როგორც ჩანს, გამოძიებამ ტერიტორიიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

მომხდარის მოტივზე საჯაროდ არავინ საუბრობს. ისევ დუმილს ამჯობინებს ირაკლი აბულაძე, რომელსაც ლევან კაჭარავა წყნეთში მიჰყავდა. ჩაცხრილული ავტომობილის მძღოლი გამოძიების ოქროს მოწმეა. მან ჩვენება უკვე მისცა. "კურიერის" ინფორმაციით, აბულაძემ მომხდარის დეტალები მოკლულის ოჯახსაც უამბო, მათ შორის ისიც რომ 20-ზე მეტი ტყვიის გასროლის შემდეგ, ადგილიდან გაიქცა, დამნაშავეები კი გაჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

მოკლული ბიზნესმენის ოჯახი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო და ქილერებმა შეასრულეს. გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ, წყნეთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ვინ და რატომ მოკლა 53 წლის ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, რომელიც საქმიანი შეხვედრიდან მძღოლის გარეშე, სახლში თანამშრომელს მიჰყავდა - შეკითხვებს მიმდინარე ძიებამ უნდა უპასუხოს, რომელიც განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით გრძელდება.

დღის ამბები