უკრაინული მუსიკალური ჯგუფი Океан Ельзи / Okean Elzy საქართველოშია. პოპ-როკ ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე დღეს, მუსიკალური ფესტივალის - Tbilisi Open Air-ის ფარგლებში წარდგება.
პრესკონფერენცია გამართა ჯგუფის სოლისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა. ის ამბობს, რომ საქართველო მისი საყვარელი ქვეყანაა. მან ასევე, ქვეყნას უკრაინის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
"ჩემთვის და ჩემი ბენდისთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. პირველი, რაც მინდა გავაკეთო, არის მადლობის გადახდა საქართველოსთვის იმ მხარდაჭერისა და ყველაფრისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებთ. ჩვენ ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. ვნახეთ დემონსტრაციები, დროშები, მატერიალური დახმარება. მადლობა ჩვენი ლტოლვილების შეფარებისთვის.
საქართველო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა. მიყვარს თქვენი კულტურა, არქიტექტურა, სტილი, სამზარეულო, ლამაზი ხალხი, განსაკუთრებით ქალები. უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენნაირი მეგობრების ყოლა
მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც რისკის ქვეშ აყენებს თავის სიცოცხლეს და ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მხარდაჭერა ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არ არის მხოლოდ დემონსტრაციაზე წასვლა ან დროშის ფრიალი. ეს ყველაზე ძვირფასის, სიცოცხლის მიცემაა. დიდი პატივისცემა და თანაგრძნობა მინდა გამოვხატო ჯარისკაცების ოჯახების, დაღუპულების მიმართ. პუტინი და მისი არმია, ადრე თუ გვიან, პასუხს აგებენ ამაზე," - განაცხადა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა.