"თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავენ, მათ სურთ, მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას და დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
"ორი თვეა აქტიურ კომუნიკაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. მათ ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციის კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით. ასევე სამართალდამცველ ორგანოებს ვაწვდით ფაქტებს მუქარებისა და ძალადობის ორგანიზების შესახებ.
შსს-თან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შს სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას. ასევე მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება," - ნათქვამია მათ განცხადებაში.
პრაიდის კვირეული 28 ივნისს გაიხსნება. ორგანიზატორების განცხადებით, "ღირსების მარში" არ ჩატარდება, ყველა ღონისძიება კი დახურულ სივრცეში გაიმართება.