წინააღმდეგობის 122-ე დღე - 2 თვიანი პაუზის შემდეგ აგრესორებმა იერიში მიიტანეს უკრაინის უკიდურეს დასავლეთზე, ლვოვის ოლქზე. მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 40 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ზოლოტე-ჰირსკიეს რაიონის დატოვების შემდეგ, გენშტაბიდან მიიღეს ქალაქ სევეროდოენცკიდან სრულად გამოსვლის ბრძანებაც. როგორც ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერხი გაიდაიმ განაცხადა, ქალაქში ინფრასტრუქტურის 90% სრულად განადგურებულია და არ არსებობს ქმედითი თავდაცვითი ზღუდეები, რის გამოც გენშტაბმა მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, ქალაქიდან სრულად გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
თვენახევრის შემდეგ კი უკრაინამ ლენდ ლიზის აქტის უპირატესობები უკვე მიიღო. ამერიკული ჰაიმარსის სარაკეტო სისტემა უკრაინაშია. ახლა დონბასის რეგიონში ოკუპანტებს უკრაინელები მართვადი, ზალპური ცეცხლის მაღალი სიზუსტის რაკეტებით შუეტევენ. ამ ყველაფერს კი 80 კილომეტრის მოშორებიდან შეძლებენ.
დანებებას არ აპირებენ. ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის გრძელდება. გრძელდება ოკუპანტის ფართომასშტაბიანი შეტევაც. ამჯერად იერიში დნეპროპეტროვსკის ოლქზე მიიტანეს. დაიბომბა ქალაქი კრივოი როგი. ჭურვების აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი. მძიმე დაზიანება მიიღო 60 წლის ქალმა.
ოკუპანტების სამიზნე იყო შიროკე და ზელენოდოლსკიც. შეტევების სიხშირემ იმატა მიკოლაევზე. ქალაქის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. განადგურებულია საპორტო ინფრასტრუქტურა, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და პარკი. მსხვერპლის შესახებ ცნობები ზუსტდება. ქალაქის მერი მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს. მიკოლაევში ამ დროისთვის 230 000-მდე ადამიანი რჩება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ლვოვის ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არ საუბრობს განადგურებული ობიექტების შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რაკეტები პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს აფეთქდა.
სარაკეტო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია ჟიტომირში. განადგურდა რამდენიმე სამხედრო ობიექტი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ინფორმაციას ქალაქის მერი ადასტურებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გაიმყარეს პოზიციები ლუჰანსკის ოლქის უდიდეს ნაწილზე. როგორც უკვე ცნობილია უკრაინელი სამხედროები ტოვებენ სევეროდონეცკს, რომლის 90% მიწასთან არის გასწორებული. საოკუპაციო ძალა ჯერჯერობით ვერ შედის ლისიჩანსკში. აქ უკრაინელი სამხედროები ყველა სტრატეგიულ წერტილს აკონტროლებენ.