წყენთის გზაზე ავტომობილში ჩაცხრილული ლევან კაჭარავას დედის განცხადებით, მისი შვილი "ქილერმა" მოკლა. თუმცა ელენე კაჭარავას თქმით, მის შვილს მტერი არ ჰყოლია.
"მე შემიძლია გითხრათ, როგორც თვითონ ექიმმა, ეს არის დაქირავებული ქილერი, ის უკვე საქართველოში ალბათ არ არის.
მე არც ვიცი სად მოხვდა, თავში, კისერში თუ სად. სიკეთის მეტი არაფერი არ გაუკეთებია მაგას ხალხისთვის. საქართველოში მაგას მტერი არ ყავდა, ეს შემიძლია ასი პროცენტით გითხრათ," - ამბობს ელენე კაჭარავა.
მომხდარზე ისაუბრა ბიზნესმენის დეიდაშვილმაც, რომლის თქმით, ლევან კაჭარავა ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ბრუნდებოდა. ამ დროს კი მასთან ერთად პირადი მძღოლი არ იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, კაჭარავა თანამშრომელთან ერთად გადაადგილდებოდა, თუმცა ამ პიროვნებას მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები არ იცნობენ.