ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს. რა მოხდა თბილისი-წყნეთის გზაზე და რატომ მოკლეს 53 წლის ბიზნესმენი საკუთარ ავტომობილში - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალებს საგამოძიებო უწყება არკვევს.
იქამდე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ლევან კაჭარავა შესაძლოა ნიკო კვარაცხელიას საქმის იმ ეპიზოდთან იყოს კავშირში, როდესაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები, დაკავებამდე სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათი მეზობელ ქვეყანაში გადაადგილება კი, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, შესაძლოა გუშინ მოკლულმა ბიზნესმენმა დააფინანსა.
თუმცა ამ ვერსიას ყველა მხარე გამორიცხავს, როგორც დაზარალებული, ასევე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული, გიორგი კავილაძის ადვოკატი.
"გამოგონილია ეს ინფორმაცია იმდენად, რამდენადაც რაიმე სახის ან ინფორმაცია ან ფაქტი ან დოკუმენტი არ მაქვს. რაც შეეხება განვლილი პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვას და თუნდაც სომხეთში ჩასვლას და შემდეგ თბილისში ჩამოსვლას, ჩემი დასაცავი პირი არის გიორგი კავილაძე, ორი დღის განმავლობაში, ორ-ორი საათი იკითხებოდა სახელმწიფო ბრალდების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი სახის კითხვა, რომელიც შეიძლებოდა სახელმწიფო ბრალდებას გასჩენოდა, იქ დაისმებოდა. მსგავსი რამ საერთოდ არ დასმულა კითხვაში და პირველად მესმის სახელი და გვარიც. არც გამიგია,“ - ამბობს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.
ვერსიას, რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას ოჯახიც.
"საერთოდ არანაირ შეხებაში არ არის ლევანი იმ ხალხთან. არასდროს არ გადაადგილდებოდა დაცვით. ჰყავდა ერთი მძღოლი, რომელიც სამწუხაროდ, გუშინ ადგილზეც კი არ იყო და რაც შეეხება კაკულიებს და ნიკო კვარაცხელიასთან ბმაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ ყოფილა. ლევანი არ იყო ის ადამიანი, რომელიც საერთოდ ამ თემას არა თუ დააფინანსებდა, არამედ ჩაერეოდა რამენაირი ხელშეწყობით," - ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი სალომე კობალაძე.