27 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ევროპულ საბჭოში დახურულ კარს მიღმა, 27 ქვეყნის ლიდერი ევროპის ბედზე მსჯელობს -როგორი იქნება ბრიუსელის საბოლოო გადაწყვეტილება

დახურულ კარს მიღმა, 27 ქვეყნის ლიდერი ევროპულ საბჭოში ევროპის ბედზე მსჯელობს. მათ სამუშაო მაგიდაზე სამი ქვეყნისთვის ევროკომისიის მოსაზრება და პოლიტიკური რეკომენდაციები უდევთ. ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტზე გადამწყვეტი ლიდერების კონსენსუსი იქნება.

ტრიოს ქვეყნების ევროპერსპექტივა დილიდან, ევროპარლამენტის რეზოლუციით გამყარდა. დოკუმენტს 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს, საქართველოსთან დაკავშირებით კი ჩაიწერა რომ სტატუსი იქნება მაშინ, როცა ქვეყანა აუცილებელი რეფორმების გატარებას დაასრულებს.

ევროკავშირის კარი ტრიოს ქვეყნებისთვის ახალმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ გახსნა. ევროკავშირის გაფართოება პასუხია რუსულ აგრესიაზე. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რომ იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ღიად აცხადებენ, თუმცა არ მალავენ სკეპტიკურ განწყობებსაც.

ევროპელი პარტნიორების ერთ - ერთი მთავარი მოწოდება, საქართველოსთვის კი პოლარიზაციის დასრულებაა.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ერთდროულად შეავსეს. ევროკომისიამ დასკვნა 17 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც ჩაიწერა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, წლის ბოლომდე 12 მოთხოვნის შესრულებაა საჭირო.

დღის ამბები