27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
პრეზიდენტობის 4 წელი და პირველი ვეტო მოსმენების კანონს - პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონი დროებით დაბლოკა

პრეზიდენტობის 4 წელი და პირველი ვეტო. სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მოსმენების კანონზე გამოიყენა, თუმცა მისი თქმით, ეს უფრო პოლიტიკური აქტია, ვიდრე შედეგზე გათვლილი, რადგან მმართველ პარტიას უპრობლემოდ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.

"ქართული ოცნება" არ ჩქარობს და სალომე ზურაბიშვილისგან ჯერ სამართლებრივად არგუმენტირებულ შენიშვნებს ითხოვს.

ფაქტი ერთია, რომ სულ უფრო ღრმავდება უთანხმოება მმართველი გუნდსა და არჩევნებში მის მიერ მხარდაჭერილ, კიდევ ერთ პრეზიდენტს შორის.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიტორიკა დაუწუნა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტზე ვეტოს დასადებად, სამართლებრივი არგუმენტები არ ჰქონდა. 

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო პოსტის დაკავების შემდეგ პირველად გამოიყენა და გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით ახსნა. მისი განცხადებით, როცა ქვეყანა ევროკავშირის საბოლოო პასუხს ელოდება, არ უნდა მიიღონ კანონი, რომელიც ადამიანის უფლებებს ზღუდავს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილშიც, თუმცა მათი აზრით, სალომე ზურაბიშვილს ვეტო სხვა სადავო კანონპროექტებთან დაკავშირებითაც უნდა გამოეყენებინა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროექტი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულად თავსებადია. 

საკანონმდებლო ორგანოში ხვალ საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურება. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნებთან ერთად ფარული მიყურადების კანონმდებლობის განხილვას რიგგარეშე სხდომებზე ვერ შეძლებენ, საკითხი საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში გადავა.

დღის ამბები