27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"თქვენი ქვეყანა იმსახურებს პროგრესსა და წარმატებას" - ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი 1 საათის წინ დაიწყო

გაიზიარებს თუ არა 27 ქვეყნის ლიდერი ევროკომისიის რეკომენდაციებს - ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი უკვე ერთი საათია დაიწყო.  დახურულ კარს მიღმა ტრიოს ქვეყნებზე მსჯელობენ - უმაღლესი დონის შეხვედრაზე, წინასწარი მოლოდინით, სრულად გაიზიარებენ იმ შეფასებას, რაც ევროკომისიამ გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა და უკრაინა ბლოკის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭება, რაც ჯერ დათქმების შესრულებას და ამის შემდეგ სტატუსის მიღებას გულისხმობს.

ევროპის პარლამენტის წევრი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ გზავნილი საქართველოსადმი  მას საკუთარი ქვეყნის, ლიეტუვის მაგალითს ახსენებს :

"ჩვენ მოლაპარაკებების პროცესი ცოტა გვიან დავიწყეთ ვიდრე ჩვენმა მეზობლებმა , მაგალითად ესტონეთმა. ესტონეთი პირველი მოიწვიეს. თუმცა ეს ჩვენი ხალხისთვის იმდენად დიდი სტიმული აღმოჩნდა , რომ ევროკავშირში იმავე წელს 2004-ში შევედით. იმ შემთხვევაში თუ დღეს გადაწყდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა - ქვეყნის მიერ პირობების შესრულებით, ეს მწვანე შუქი იქნება ჯერ კანდიდატის სტატუსისთვის , შემდეგ კი სრულუფლებიანი წევრობისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ , ეს იმედგაცრუებად არ უნდა იქცეს თქვენთვის . ჩემთვის ეს დადებითი გზავნილია. ამიტომ მინდა ქართველებმა ლიეტუვის მაგალითი გაიხსენონ . თავის დროზე ეს ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანი მოტივაციის მიზეზი გახდა, რომ გაგვეტარებინა რეფორმები და ევროკავშირში რაც შეიძლება მალე მოვხვედრილიყავით. ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა," - განაცხადა ნაუსედამ

ლიეტუველი ევროპარლამენტარი საუბრობს ხელისშემშლელ მიზეზებზეც, რამაც საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადავადება გამოიწვია :

"ხელისშემშლელი ფაქტორები გახდა პოლარიზაცია, 19 აპრილის შეთანხმება. ამიტომ ყველა ეს კრიტიკული ფაქტორი იქამდე უნდა გადაიჭრას, სანამ მწვანე შუქი ჯერ კიდევ ანთია. მე მჯერა, რომ ამ პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ. ევროპული პერსპექტივა არის პროგრესი. ვფიქრობ თქვენი ქვეყანა იმსახურებს პროგრესსა და წარმატებას. ევროპული პერსპექტივა გულისხმობს უკეთეს ცხოვრებას, კეთილდღეობას , მშვიდობას , კარგად ანაზღაურებად სამუშაოს, მოწინავე ეკონომიკას," - აცხადებს ნაუსედა. 

დღის ამბები