27 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
რეგიონებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან - ადგილზე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები

სეტყვამ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ახალქალაქის ხუთი სოფელი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად სრულად განადგურებულია ხეხილის ბაღები და ნათესები, დაზიანებულია ავტომობილებიც.

სამეურნეო სავარგულების გარდა, ადგილობრივებს სეტყვამ საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა. ძლიერმა წვიმამ შენობებს სახურავები გადახადა, სამხედრო ქალაქში მცხოვრები 30 ოჯახი ახლა დახმარებას ელოდება.

ახალქალაქში დილიდან დაიწყეს ზარალის დათვლა. შექმნილია შესაბამისი კომისიაც. მერიაში აცხადებენ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ფინანსური დახმარებისთვის უკვე მიმართეს.

ახალქალაქის მსგავსად, სტიქიას ებრძვიან რაჭაშიც. რამდენიმე საათიანმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა ამბროლაურის რაიონის რამდენიმე სოფელში პრობლემები შექმნა. დაზიანდა გაზის მილსადენი და ელექტრო გადამცემი ხაზები.

ზარალს ითვლიან ცაგერშიც. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ღუში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყრის შედეგად ჩამოსულმა ნაშალმა კი საავტომობილო გზებზე ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემები შეუქმნა.

ორივე რეგიონში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დღის ამბები