27 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
საქართველოს პრემიერის 2-დღიანი ვიზიტი კატარში დასრულებულია - ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დოჰაში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა

კატარში ვიზიტი დასრულებულია, საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს დოჰაში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც მისი გამოსვლით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის მთავარი თემა კი ქვეყნის ოკუპაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და არსებული პოლიტიკური ვითარება იყო.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელის კარის გასაღებად ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს. კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი მთავრობის მეთაურს მოუწია NATO-ში გაწევრიანებას და მოსკოვთან ურთიერთობას ეხებოდა. ღარიბაშვილი ღიად ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას ქვეყანა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს, ალიანსში მოსახვედრად კი მუშაობა გრძელდება.

საერთაშორისო წესრიგის გადაწყობის საკითხსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებში ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ომის შემდეგ არსებული პოლიტიკური ვითარება იყო.

პრემიერს ფორუმზე კითხვა დაუსვეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოტივი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და ამ ფონზე მისი მეზობელი სახელმწიფოს, მოლდოვას რთული ვითარება გახდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის წევრობისთვის.

პრემიერ-მინისტრთან კიდევ ერთი შეკითხვა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეხებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი კატარის ემირს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს. საუბარი იყო, საქართველოს კატარის სახელმწიფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.

პრემიერი შეხვდა კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორსაც, სადაც საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს.

პრემიერი შეხვდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარესაც. განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალტანის მუზეუმში ქართული კუთხე საზეიმოდ გახსნეს, სადაც ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.

საქართველოს პრემიერის 2 დღიანი ვიზიტი კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულია.

დღის ამბები