საქართველოს ტერიტორიების უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება - ოკუპანტები ამჯერად დვანსა და საკორინთლოს მიმდებარედ გამოჩნდნენ. მათ თხრილების მოწყობა განაახლეს.
დე ფაქტო ცხინვალი როგორც წესი მსგავს სამუშაოებს ზაფხულობით ასრულებს და ამას ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებად ასაღებს.
"ხნულებთან დაკავშირებით ახალი არაფერი ხდება. ახლა რომ ახლოვდება ამ თივის სეზონი, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება ყოველ წელს ხდება. ხნულებს ავლებენ, რომ შემთხვევით არ მოხდეს, დაუდევრად, სიგარეტის ნამწვი რომ გადააგდოს ვინმემ ხმელ ბალახზე," - ამბობს ადგილობრივი.
ფაქტს უკვე მოჰყვა ოფიციალური თბილისის რეაგირება. აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ სოფელ ხურვალეთთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.