27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რაზეც მრავალი წელია მიხეილ სააკაშვილი ოცნებობს, კონკრეტულად კი ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამაზე მმართველი გუნდია პასუხისმგებელი.

"კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებიც აფილირებული არიან პირდაპირ "ნაცმოძრაობასთან" და ისინიც საქართველოში პოლარიზაციის ხელშემწყობი ადამიანები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მათ ევროპული მანტია აქვთ მოსხმული, თუმცა სინამდვილეში, მარტივი დანამატი არიან იმ პარტიის, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია და ისინიც ჩვენს ქვეყანაში ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ყველამ ვიცით მათი გვარები, სახელები, მათი გვარები საზოგადოებამ ზეპირად დაიმახსოვრა. ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შემცირება იყო და ყველა ეს მესიჯი ემსახურება პოლარიზაციის გაღვივებას.

რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ევროპას და მის პირველივე მოთხოვნას, რომელიც დასკვნაშია ჩადებული. აქედან ჩანს, რომ მათ არ უნდათ ევროპა – ეს არის რეალობა, მათი რეალური შიგთავსი და შინაარსი. ყველა ეს იდეა – ხელისუფლების ცვლილება, რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. არის პოლარიზაციის რიტორიკის გაგრძელება, რითაც ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპას.

მიხეილ სააკაშვილი ოცნებობს რაღაცებზე უკვე ამდენი წელია, ახლა ციხიდან ოცნებობს, მანამდე ციხის გარეთ ოცნებობდა. რა თქმა უნდა, მის ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია, არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია და ამაზე ვართ პასუხისმგებლები," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები