27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"ევროპული მომავალია დასაცავი და ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით შინ ევროპისკენ იმართება. აქციას უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. ორგანიზატორების განმარტებით შეკრება მიზნად ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერას და ბრიუსელის საბოლოო პასუხამდე 4 დღით ევროპისთვის საზოგადოების განწყობის ჩვენებას ისახავს.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, აქციაზე ადამიანების უპრეცენდენტო რაოდენობაა გამოსული და ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროპისკენ სვლასთან დაკავშირებით - ხელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეუშლის.

"შედგა დღევანდელი დღე და დღეს უპრეცენდენტოდ დიდია ადამიანების რაოდენობა, ვინც ირჩევს ევროპას. ჩვენ ყველა კვლევით ვიცით, რომ ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, ვერანაირი წინააღმდეგობა, რომელსაც ხელისუფლება ხელოვნურად შექმნის - ამ ყველაფერს ხელს ვერ შეუშლის," - ამბობს მაქარაშვილი.

მოძრაობა "სირცხვილიას" დირექტორი, გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ აქციის დასკვნით ნაწილში ისინი კონკრეტულად დაასახელებენ სამომავლო გეგმებს და მიზნებს.

"ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ქუჩაში და ყველას გააზრებული აქვს რისთვის დგას აქ. ევროპული მომავალია დასაცავი და ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. დღეს სხვადასხვა გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ მოქალაქეებს, სწორედ ამ თემის ირგვლივ. დღეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნითი ნაწილი ექნება აქციას, სადაც კონკრეტულად ვიტყვით სამომავლო გეგმებსა და მიზნებს," - განაცხადა მჟავანაძემ.

დღის ამბები