შემოდგომის ბოლოს დედაქალაქის კიდევ ერთი ისტორიული უბნის რეაბილიტაცია დასრულდება. განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, 3-ფენიანი ასფალტირებული გზა, ახალი საგზაო ნიშნები, ბორდიურები, განახლებული სკვერები, რეკრეაციული სივრცეეები, სახეშეცვლილი მოედანი და მთავარი - განახლებული მეტროსადგური - ასეთი იქნება თბილისის ავლაბრის ახალი სახე. პროექტის პირველი ეტაპი, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებულია, მეორე ეტაპი ავლაბრის მოედნის განახლებას გულისხმობს, რომელმაც სტარტი დღეს აიღო.
ევროპული სტილის ავლაბარი თბილისს შემოდგომის ბოლოს ექნება. განახლებული არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მიწისქვეშა კომუნიკაციებითაც, რაც ადგილობრივებს ათწლეულების განმავლობაში ყველახზე მეტად აწუხებდა.
ავლაბრის რეაბილიტაციის პროექტი დღეს თბილისის მერმა დაათავლიერა, კახი კალაძე ადგილზე გაეცნო, რა ეტაპზეა თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნის განახლების პროცესი.
გამწვანება პროექტის ერთ-ერთ პრიოროტეტს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ დაგეგმილია ხე-მცენარეების დარგვა და რეკრეაციული ზონების მოწყობა, პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ავლაბრისთვის უკვე სავიზიტო ბარათად ქცეული მეტროს მწვანე კედლის განახლებასაც.
ავლაბრის რეაბილიტაციის პროექტი 4 ეტაპად არის გაწერილი. ქეთევან დედოფლის გამზირის პირველი მონაკვეთის განახლება უკვე დასრულებულია, ახლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გამზირის მეორე ნაწილისა და ავლაბრის მოედნის რეაბილიტაცია, მეოთხე ეტაპი კი მეტროსადგურ ავლაბრის განახლება იქნება.