წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - ოთხივე ბრალდებულისთვის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. მოკლულია 29 წლის კახა მახარაძე. ის საკუთარ სახლთან მოტყუებით გაიყვანეს და დაჭრეს, გარდაცვალებამდე მამაკაცმა მოასწრო და მკვლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
"უგონო მდგომარეობაშია. რაც შეეხება დანაშაულის აღიარებას, ეგ აბსურდულია, იმიტომ რომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ საერთოდ, დანაშაული არ ჩაუდენია. არა და, პიროვნება არის აპარატზე შეერთებული, სად უნდა გაქცეულიყო, ვის უნდა მიმალვოდა, ან რომელი მტკიცებულება უნდა გაენადგურებინა?! ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას როდესაც ესროლეს 2 ტყვია, მან ადგილზევე დაკარგა გონება. წინ იჯდაო, უკან იჯდაო, გადმოვიდაო - ეს ზღაპარია," - აცხადებს ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა.
პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მტკიცებულებებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"საქმეზე წარმოდგენილი იყო მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ჩხრეკის, ამოღების და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმები და ეს საკმარისი არის იმისთვის, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს აღნიშნული ქმედება. მკვლელობაში ბრალდებული პირი ამჟამად უგონო მდგომარეობაშია და მოთავსებულია საავადმყოფოში, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მომავალი კვალიფიკაცია ვნახოთ რა იქნება. მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში," - აცხადებს პროკურორი.