საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ერთი პირის მიმართ გამოტანილია ბრალდების შესახებ დადგენილება. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კ.მ.-მ, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა ნათესავთან, მისი დასჯის მიზნით ორგანიზება გაუწია ჯგუფურ ძალადობას. 17 ივნისს, კ.მ.-მ მის მეგობრებს, დ.მ.-სა და შ.ჭ.-ს აჩვენა ნათესავის ფოტო, გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ე.წ „კაპიშონიანი“ მოსაცმელები, რის შემდეგაც გლდანის ხევის დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.მ.-ს კუთვნილი ავტომანქანით მივიდნენ, საიდანაც დ.მ. და შ.ჭ. გადავიდნენ, ხოლო კ.მ. და გ.მ. ავტომანქანაში დაელოდნენ. დ.მ. ტელეფონით დაუკავშირდა დაზარალებულს და მოტყუებით ჩაიყვანა კორპუსის მიმდებარედ, სადაც მან და შ.ჭ.-მ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. ძალადობის დროს დ.მ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც დაჭრილმა ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კ.მ.-ს ნათესავი გარდაიცვალა, ხოლო დ.მ.-ს ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კ.მ.-მ, გ.მ.-მ და შ.ჭ.-მ ნამდვილად იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი ფაქტი სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. კ.მ.-მ, დ.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, სანაგვე ურნაში გადააგდო დანაშაულის საგანი – დანა და ბრალდებულის მამხილებელი სხვა მტკიცებულებები.
სამართალდამცველებმა კ.მ., შ.ჭ. და გ.მ. 18 ივნისს დააკავეს. დ.მ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება 20 ივნისს წარედგინება.
კ.მ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შ.ჭ.-ს ბრალდება 225-ე მუხლის მეორე ნაწილი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.მ.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.