ვეტერან კალათბურთელთა ევროპის ღია პირველობას, წელს ესპანეთი უმასპინძლებს. 55 წელს გადაცილებული კალათბურთელები, უძლიერესი გუნდის გასარკვევად 1 კვირის განმავლობაში მალაგაში ითამაშებენ - ჩემპიონობისთვის ემზადებიან ქართველი ვეტერანებიც.
კონტინენტის პირველობას 26 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, ესპანეთის საკურორტო ქალაქი მალაგა უმასპინძლებს. ქართველი კალათბურთელების მეტოქეები ჯგუფში იტალიისა და კოლუმბიის გუნდები იქნებიან. ქვეჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას, საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
პაატა გურასპაული, გია სანაძე, დავით გიორგობიანი, ზაზა ცაგარეიშვილი, ზაზა ღონღაძე, ეს იმ კალათბურთელების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ღირსებას იცავდნენ, ახლა კი 55 წელს გადაცილებული ჩვენი ვეტერანები, ევროპის ჩემპიონატზე მოსინჯავენ ძალებს. ჩვენი გუნდი მოსამზადებელ, დასკვნით ეტაპს, მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა საკალათბურთო დარბაზში გადის. მთავარი მწვრთნელის, ნოდარ ქორქიას ხელმძღვანელობით, ნაკრების კალათბურთელებს წარმატების დიდი იმედი აქვთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ბოლო 3 წელია, ევროპის პირველობა არ ჩატარებულა და წელს გამონაკლისის სახით მსოფლიოს სხვა ქვეყნების ნაკრებებიც დაუშვეს.
ჩვენი ვეტერანი კალათბურთელების ბოლოდროინდელ შედეგებს თუ გადავხედავთ, ასაკის მიუხედავად, არცთუ ურიგოდ თამაშობენ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ყოველთვის ხვდებოდნენ ფინალურ სტადიაზე და მხოლოდ დიდი, საკალათბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნების გუნდებთან უჭირდათ თამაში - ამერიკელებთან, იტალიელებთან და სერბებთან მცირე სხვაობით აგებდნენ.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ქართველ ვეტერანებს პლანეტის პირველობა ელით ორლანდოში. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ჩემპიონატს მომავალ წლის ზაფხულში მიიღებს.