ომის დაწყებიდან 116-ე დღე უკრაიაში - სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ოკუპანტებს ქალაქებზე სრული კონტროლის დამყარება სურთ. რუსი სამხედროები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ და სადღეღამისო დაზვერვას ახორციელებენ. რუსების სამიზნე სევეროდონეცკის "აზოტის" ქარხანაც არის, რომელზეც დღეს სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანეს, განადგურდა საგუშაგო და სამკურნალო საშუალებები.
მოსკოვის ერთ - ერთ მთავარ სამიზნედ ისევ ხარკოვი რჩება. დღის განმავლობაში, ოლქზე არაერთი სარაკეტო იერიში ხორციელდება, ქალაქ იზიუმთან კი კონტაქტური ბრძოლა მიმდინარეობს, სადაც უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადადიან მელიტოპოლთანაც. ქალაქის მერის ინფორმაციით, სამხედროებმა ოკუპანტებს ზაპოროჟიეს ოლქიდან მელიტოპოლის მიმართულებით 10 კილომეტრით უკან დაახევინეს, ასევე ხერსონის ოლქის საზღვარს მიუახლოვდნენ.
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის ოლქზეც - აქაც მშვიდობიან მოქალაქეებზე. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ღამით ორჯერ გახსნეს ცეცხლი, ასევე ნაღმტყორცნებიდან ესროდნენ საცხოვრებელ უბნებს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.
უკრაინის დამცველები, ოკუპანტებს ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით ერთდროულად იგერიებენ. რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხრეთ ნაწილში ჩავიდა. პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინა თავის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას აუცილებლად დაიბრუნებს.
უკრაინის დედაქალაქში დაბრუნებულ პრეზიდენტს კი კიევის ოლქში განგაშის სიგნალი დახვდა. გვიან ღამით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ქალაქ ვიშგოროდზე მიიტანეს, თუმცა საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდო. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.