დღეს გლდანულა უმძიმესი დანაშაულის ადგილია. გლდანის ხევის მეხუთე კორპუსთან დაწყებული სისხლიანი გარჩევა, 29 წლის კახა მახარაძის მკვლელობით დასრულდა.
ორი შვილის მამას, საცხოვრებელ კორპუსთან საკუთარმა ნათესავმა, სამ მეგობართან ერთად მიაკითხა, ეზოში ჩასვლა მოსთხოვა და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, შენობის უკან გაიყვანა. ქუჩაში შელაპარაკების დროს კახა მახარაძეს ერთ - ერთმა პირმა დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა, დაჭრილმა მამაკაცმა მოასწრო და მკვლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმედ დაჭრა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინასოვი ახლა თავადაც სიკვდილს ებრძვის. კომატოზურ მდგომაროებაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ - კლინიკაში იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
დანაშაულის ჩადენას რომ წინ წარსული უთანხმოება უძღვის, ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მოტივებზე მოკლულის ოჯახს საუბარი არ შეუძლია.
დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი გამოძიებამ მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი. პოლიციამ მტკიცებულებად დანაშაულის იარაღები უკვე ამოიღო. მათ შორის არის დანა, ხელკეტი და ცეცხლსასროლი იარაღი.
საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა. სამი დაკავებულიდან ორს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა ედება ბრალად. მოკლულის ნათესავს კი, განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. კლინიკაში მყოფი მინასოვისთვის ბრალი ჯერ არ დაუზუსტებიათ.