"დარბაზი მოკვდა, დარბაზი გაცოცხლდა"- ამ წუთებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის თექვსმეტი სტუდენტის გამოფენა იმართება.
ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს, სტუდენტების ნამუშევრები დახვდებათ - ფერწერული ტილოები, აკრილით შესრულებული გრაფიკული პორტრეტი თუ ინსტალაცია. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, "არტისტერიუმი 2022" - ის ფარგლებში იმართება, რომელიც რიგით მეთხუთმეტეა.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენის სათაური ეთნოგრაფიული მუზეუმის სპეციფიკას, კერძოდ კი მის ტერიტორიაზე განთავსებულ, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სახლების არქიტექტურას და მათ კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება. გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.