1300 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 400 ტანკი და 700 საარტილერიო სისტემა - ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების ტექნიკური დანაკარგის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ზემოაღნიშნული რიცხვები, უკრაინის ქვეითთა ძალების ლოგისტიკის ხელმძღვანელს თუ დავუჯერებთ, ქვეყნის შეიარაღებული ძალების 50%-ს შეადგენს.
იმისათვის, რომ თითქმის 1000 კილომეტრიანი ფრონტის ხაზი სრულად აღიჭურვოს, საჭიროა 50 ბრიგადის მომარაგება. 4000 ჯავშანტექნიკა, 1200 ტანკი და 2000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი - ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც დონბასის რეგიონის დასაცავად უკრაინულ არმიას სჭირდება. რაც შეეხება ვითარებას ყველაზე ცხელ წერტილებში, სევეროდონეცკი ალყის საფრთხის ქვეშაა, უკრაინული ძალები კი ქალაქ იზიუმის ჩრდილო-დასავლეთით კონტრშეტევაზე გადავიდნენ.
საომარი მოქმედებებისა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმის ინტენსივობის ზრდის მიუხედავად, ბევრია ისეთი, ვინც ლისიჩანსკს არ ტოვებს. ახლა ამ ადამიანებს უკრაინელი სამხედროების იმედი აქვთ, იმედი იმისა, რომ მათ მტრისგან დაიცავენ და ცოცხლები გადარჩებიან.
ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და აგრესორის შესაჩერებლად კი, სამხედროებს შესაბამისი ტექნიკა სჭირდებათ.
რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთის აღება სურს, თუმცა ამას ვერ ახერხებს. ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებს ახლა მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ დაკავებული პოზიციები გაამყარონ და უკრაინელ სამხედროებს წინსვლის საშუალება არ მისცენ. სწორედ ამიტომ, აგრესორი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს, ბომბავს მშვიდობიან მოქალქეებს. დონეცკის ოლქში ასეთ თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ექვსი დაშავდა.
აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც. უკრაინის თავდაცვის ძალებს აქ წინსვლა აქვთ, მათ რუსებისგან დმიტროვკა გაათავისუფლეს. იზიუმის მსგავსად დაბომბვები არ წყდება დონეცკის რეგიონში არსებული ფრონტის მთელ ხაზზე. ცეცხლის ქვეშაა 12 დასახლება. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
მტერი მარიუპოლის შემდეგ ლუჰანსკის სრულ განადგურებას გეგმავს. რეგიონი უწყვეტი დარტყმების ქვეშაა. მასიურად იბომბება საცხოვრებელი სახლები. მუდმივი თავდასხმის ფონზე კი, მოსახლეობის ევაკუაცია და დაშავებულების მკურნალობა თითქმის შეუძლებელი ხდება.
რუსეთი იარაღს ოდესაზეც ასწორებს. გასულ ღამეს საპორტო ქალაქს აგრესორმა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან საკრუიზო რაკეტებით შეუტია. გასროლილი რაკეტები უკრაინულმა ძალებმა სრული სიზუსტით გაანადგურეს - იქამდე, სანამ ისინი სამიზნემდე მიაღწევდნენ.
აგრესორი ბომბავს პოლტავას, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებსაც. მტერი იყენებს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო იარაღს. ხარკოვში დაიბომბა 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
სამიზნეა მიკოლაევიც. ბოლო 24 საათში განხორციელებული დაბომბვის შედეგად რამდენიმე სახლი დიანგრა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელია. სწორედ ამ ქალაქს ესტუმრა დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი. კრიტიკული წერტილები უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი თვალით შეაფასა.
ყოველდღიურად იზრდება რუსული აგრესიის შედეგად მოკლული ბავშვების რიცხვი. უკრაინის პროკურატურა დღეს ბოლო ინფორმაციას ავრცელებს. ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 323 ბავშვია გარდაცვლილი და 583 დაშავებული. ეს მაჩვენებლები საბოლოო ვერ იქნება, რადგან მოკლულთა სტატისტიკის დადგენა საომარი მოქმედებების წერტილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითთქმის შეუძლებელია.