27 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
საქართველოს ევროპული პერსპექტივა დღეს ოფიციალურად გაფორმდა - რას ასახელებენ ევროპელი ლიდერები ქვეყნის მთავარ გამოწვევად

ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპულ პერსპექტივად რჩება. ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფ ქვეყანას ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელიდან უთხრა, რომ წამზომი ჩართულია და ევროპიდან საქართველოს ისევ დააკვირდებიან - ქვეყანას კვლავ აქვს შანსი მოკლე პერიოდში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

დეპოლარიზაცია და დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი - ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე ღიად ისაუბრეს ყველაფერზე, რას იწონებენ და რას უწუნებენ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ძალა რომ ერთობაშია ქვეყანას ესეც შეახსენეს და ისიც თქვეს, რომ წინსვლა სწორედ ამ მთავარი საშინაო დავალების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური აქტორების მოქმედება, სასამართლო სისტემისა და მედიის დამოუკიდებლობა - გზა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის ღია კარში შეიყვანს 12 ნაბიჯად გაიწერა.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ განისაზღვრა, რომ ტრიოს ქვეყნებს მიეცათ ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე ქვეყანას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. კომისია თვალს მიადევნებს საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებებით და წლის ბოლოს ანგარიშსაც წარადგენს.

ევროკომისიის დასკვნა ახლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. საქართველოს ევროპულ მომავალზე 23-24 ივნისს უკვე ევროპული საბჭო იმსჯელებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გააკეთა, რეკომენდაციები კი ევროკომისიამ ქვეყნების მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარების მიხედვით მოამზადა.

დღის ამბები