27 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, ერთპარტიულობის დასრულება, შარლ მიშელის დოკუმენტი - როგორია ოპოზიციის გეგმა ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ევროპული პერსპექტივა საქართველოს - ასეთია ევროკომისიის შეფასება. ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც შეფასება გამოქვეყნდა, ყველა პოლიტიკურ გუნდში დაინიშნა სპეციალური ბრიფინგები - ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, შეცდომების აღიარება, 20 ივნისის აქცია - ეს არის მცირე ჩამონათვალი, რაშიც ოპოზიცია გამოსავალს ხედავს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებაშია.

"კითხვა ისმის - სად არის გამოსავალი? ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ერთადერთში - საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაწესებულ სამოქმედო გეგმას წლის ბოლომდე სრულად შეასრულებს და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს," - აცხადებს ვაშაძე.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ევროპულ ოჯახში გაერთიანების ერთადერთი გზა ერთპარტიული მმართველობის დასრულებაა.

"ფაქტობრივად ამით გვითხრეს, რომ არ შევეფერებით ევროპას, გვითხრეს, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროპაში, მაგრამ ასევე მოგვცეს შანსი. ეს არის შანსი ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვახერხებთ, რაღაცნაირად ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას. სხვა შემთხვევაში, სათითაოდ ეს ისეთი პირობებია, რომ შეუძლებელია მათი შესრულება ამ წუთას, ამ მოცემულობით," - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პრობლემების მოგვარების გზა შეცდომების აღიარებაშია.

"ის რომ საქართველო ასოცირებული ტრიოდან ფაქტობრივად მოწყვეტილია, მხოლოდ და მხოლოდ "ოცნების" დამსახურებაა. ნდობა პრაქტიკულად აღარ გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგიჯეროთ. პირველ რიგში აღიარეთ პრობლემა და შემდგომ გამოასწორეთ. დაუყოვნებლივ, 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც პირდაპირ უპასუხებს კომისიის მოთხოვნებს," - განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კიდევ ერთი შანსი შარლ მიშელის დოკუმენტის უკან დაბრუნებაშია.

"ახლა კიდევ არის შანსი, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია, იმ საჭირო დოკუმენტის უკან დაბრუნება, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი ჰქვია, კონსტიტუციური ცვლილებები და პირდაპირ ვაცხადებ, დაველოდებით 24-ს და საბოლოო დასკვნას, მაგრამ თუ ეს შედეგი დარჩა, ეს არის პირდაპირი საბაბი იმისა, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება გავუშვათ. საქართველოს, დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება," - ამბობს ხაზარაძე.

დღის ამბები