27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მოწყვლადები არიან, საქართველო კი ერთ-ერთი ასეთია" - იენს სტოლტენბერგი​

ნატოს მადრიდის სამიტამდე ორი კვირა რჩება, სადაც ალიანსმა უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების ახალი კონცეფცია უნდა მიიღოს. ნატოს შტაბბინაში დღეს ამ საკითხზე 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მსჯელობდა.

ალიანსი თანხმდება, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთია, შესაბამისად, მათ უნდა შეძლონ წევრი ქვეყნების დაცვა და მოსკოვის შეკავება.

პარტნიორ ქვეყნებში შედის საქართველოც, რომლის თავდაცვის მინისტრს იენს სტოლტენბერგი დღეს პირისპირ შეხვდა. განხილვის მთავარი თემა კი საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტი იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს. 

"ზოგადად, სულისკვეთება რაც არის ე.წ. რამშტეინის ფორმატის, განვიხილეთ ის, თუ რა დახმარება იქნა უკვე აღმოჩენილი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის, ის, თუ რა მზაობა არსებობს უკრაინის მხარდაჭერისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამხედრო შეიარაღებით სამწუხაროდ ვერ ვეხმარებით უკრაინელებს, მაინც ვიყავით მოწვეული ამ ფორმატში და ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმისა, რომ საქართველო არის განუყოფელი ნაწილი ცივილური სამყაროსი," - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ნატოს შტაბბინაში სიტყვით გამოსვლის დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და ყურადღება გაამახვილა იმ ქვეყნების დახმარებაზე, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მოწყვლადები არიან.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა ისიც, რომ ბრიუსელმა დანარჩენ ევროპასთან ერთად პარტნიორი ქვეყნებიც უნდა დაიცვას.

"მე შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ის ასევე მონაწილეობდა ე.წ. რამშტეინის გუშინდელ შეხვედრაზე. ჩვენ ყველამ ხაზი გავუსვით პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც პოლიტიკურად ისე პრაქტიკული კუთხით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მოწყვლადები არიან. საქართველო კი ერთ-ერთი ასეთია. 2008 წელს საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად. ახალა კი ჩვენ ვმუშაობთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნისთვის მეტი დახმარება და როგორ გავაძლიეროთ მეტად პარტნიორობა. საბოლოო გადაწყვეტილება ცხადია სამიტზე იქნება მიღებული მაგრამ ველოდები, რომ ლიდერების პოზიცია ღია კარის პოლიტიკაზე ურყევი იქნება და გაიმეორებენ იმას რაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ის გამოწვევა, რომელსაც ალიანსი ერთიანობით დახვდა.

"ჩვენ რუსეთს ერთიანი ძალებით სწრაფად და გადამწყვეტად ვუპასუხეთ. ვამაყობთ, რომ მამაცი უკრაინელების გვერდით ვდგავართ. მაშინ, როცა ევროპის უსაფრთხოება ასეთი მასშტაბის გამოწვევის წინაშეა, ერთიანი უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ალიანსს შეუძლია ყველა გამოწვევასთან გამკლავება, მათ შორის პუტინის ომის არჩევანთან. მოკავშირეებმა გაააქტიურეს ნატოს თავდაცვითი გეგმა. მათ ჰყავთ ათი ათასობით სამხედრო აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატოს მიზანია მისი ყოველი მოკავშირის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ნატოს მიდგომა მე-5 მუხლისდამი არის ურყევი," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დღის ამბები