27 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ ფიქსირდება - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში

15 გვერდიანი ანგარიში, რომელიც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა საქართველოს ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე მოამზადა, დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ ფიქსირდება. დადებითადაა შეფასებული ციხეებში არსებული ჯანდაცვის სისტემა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან COVID-19-ის მართვის პრაქტიკაც. 

შეფასებების გარდა, ანგარიშში საუბარია რეკომენდაციებზეც, რაც მოიცავს საკნის გარე აქტივობების, დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამების რაოდენობის ზრდას. კომიტეტი იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი რჩევით მიმართავს, მოხდეს პატიმრებს შორის ძალადობის პრევენცია და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ნაწილი ამ რეკომენდაციებისა უკვე გათვალისწინებული ან ასახულია უწყების მიერ შემუშავებულ 10 წლიან სტრატეგიაში.

პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს ეხმაურებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც, მათი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებობს. "ნაციონალური მოძრაობა" ყურადღებას დოკუმენტის შედგენის პერიოდზე ამახვილებს და ამბობს, რომ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ანგარიშში იმიტომ არ მოხვდა, რომ დელეგაცია ციხეებში მის დაკავებამდე ადრე იმყოფებოდა.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას წარსულს და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში არსებულ მდგომარეობას ახსენებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მას მერე პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში საქართველოში ვიზიტისა და ციხეებში არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა. დელეგაცია საქართველოში 2021 წლის 17-24 მაისს იმყოფებოდა და მათ 4 პენიტენციურ დაწესებულება მოინახულეს. 

დღის ამბები