27 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
რატომ იღებს ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრი ფინანსებს რუსეთიდან - რას პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას "დროას" ლიდერი

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, წლების განმავლობაში რუსეთიდან ფინანსურ გზავნილებს იღებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხოშტარიას ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ტრანზაქციები სისტემატიურად ხორციელდება.

ბრალდებებს ჯერ სოციალური ქსელით, შემდეგ კი ბრიფინგზე, ელენე ხოშტარიამ მალევე უპასუხა. "დროას" ლიდერმა განმარტა, რომ მის ოჯახს რუსეთიდან გარკვეული თანხები მართლაც ერიცხება, საუბარია სამემკვიდრეო თანხაზე. ტრანზაქციების მიმღები, პოლიტიკოსის მამა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიაა, რომელიც თეატრის ცნობილი მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეა. თავად ხოშტარია
რუსეთთან ფინანსურ კავშირებში სახელისუფლებო გუნდს ადანაშაულებს.

ხოშტარიას არგუმენტები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ჩარიცხული თანხებით ხოშტარიების ოჯახმა უძრავი ქონებაც კი შეიძინა. საუბარია ბათუმში, ელენე ხოშტარიას დედის სახელზე რეგისტრირებულ ბინაზე, რომლის ნასყიდობის ხელშეკრულება გუშინ, 15 ივნისს გაფორმდა.

სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებით ელენე ხოშტარიას ახსნა-განმარტება სრულიად მისაღებია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები რუსეთიდან ფულად გზავნილებში პრობლემას ვერ ხედავენ.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციონერს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როცა ელენე ხოშტარია საჯაროდ, რუსეთთან ყოველგვარი ფინანსური და ბიზნესურთიერთობების აკრძალვას ითხოვს, გაუგებარია თავად მისი ოჯახი რატომ არ ამბობს უარს რუსეთიდან ფინანსური სარგებლის მიღებაზე.

ელენე ხოშტარიას დღეს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, აპირებს თუ არა უარი თქვას რუსეთიდან ფინანსურ გზავნილებზე. რუსული წარმომავლობის თანხებზე პოლიტიკური ბარლდებები სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება.

დღის ამბები