ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ცხმორის და ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ ექვს სოფელს პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო-საუბნო გზები. ასევე, ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები. სოფელ ხეითში დაზიანდა სახიდე გადასასვლელი.
პრობლემურ მონაკვეთებზე დილიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. მათი თქმით, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის და უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები.