უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა, წიაღისეული საწვავის ექსპორტის შედეგად, 93 მილიარდი ევრო მიიღო. ვინ ყიდულობს რუსულ ნავთობს, გაზსა და ქვანახშირს, რამდენად შეიცვალა იმპორტის მოცულობა და ფასი ომის დაწყებიდან? - კითხვებს პასუხი ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა გასცა. "პუტინის ომის დაფინანსება", ამ სათაურით მომზადდა ანალიზი, რომლის თანახმად, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს.
ბრიუსელში სანქციებზე მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას. ევროკავშირის ემბარგო არ ეხება გადამუშავებულ პროდუქტებს, რაც სანქციებში ე.წ. ხვრელებს ტოვებს. ზოგიერთი ქვეყანა რუსეთიდან ნედლი ნავთობის მსხვილი იმპორტიორი ხდება, გადამუშავების შემდეგ კი ნავთობი კვლავ ამერიკისა და ევროპის ბაზარზე ექსპორტირდება. მაგალითად, ინდოეთი ამ დროისთვის რუსეთის ნედლი ნავთობის მთლიანი ექსპორტის 18%-ის შემსყიდველია.
უკრაინაში ომის გამო მსოფლიო რუსეთის იზოლაციას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს, თუმცა, ფაქტია, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ამ დრომდე არ წყდება. ამ საკითხზე საუბრობდა პრემიერი მთავრობის სხდომაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტა ის საფრთხეები, რის გამოც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის, დღეში, დაახლოებით, 867 მილიონ დოლარს ხარჯავს. რუსულ ნავთობპროდუქტებზე სრული ემბარგო და იმპორტის შედეგად საოკუპაციო რეჟიმის დაფინანსება კი, დანარჩენი მსოფლიოსთვის, ამ დრომდე მთავარ გამოწვევად რჩება.