რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირის ოლქში, სოფელ მელეცხოვოში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. ამ ციხეს "საწამებელს" უწოდებენ და ამ ციხის პატიმრები ხშირად ჩივიან რეგულარული წამებისა თუ სექსუალური ძალადობის შესახებ.
22 მარტს ნავალნის "თაღლითობის" და "სასამართლოს შეურაცხყოფის" სისხლის სამართლის საქმეზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ალექსეი ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის აეროპორტში დააკავეს და "ივ როშეს" საქმეზე რეალური სასჯელის მოსახდელად ციხეში გადაიყვანეს. ამ საქმეზე სასჯელის ვადა ნავალნის 2023 წელს უმთავრდებოდა, თუმცა მორიგი განაჩენით მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე წლის მაისში მას ბრალი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს - მას ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში ადანაშაულებენ. ამჯერად, ნავალნის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.