27 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
წალკის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა

ახალი ტურისტული ადგილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევა. ალგეთის ეროვნულ პარკში, წალკის კანიონის პანორამული ხიდი გაიხსნა - ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტი შეასრულა კომპანია KASS LAND-მა ისრაელიდან. კანიონზე მოეწყო 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, დაკიდებული კაფე-ბარით.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია. კანიონი თბილისიდან ერთი საათის მანძილზე მდებარეობს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელელი ინვესტორები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და მსოფლიო დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მადლობა კომპანია "კასლანდს", რომელმაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და შექმნა 250 სამუშაო ადგილი, ვულოცავ ამას წალკას და მთელ ქვეყანას. ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და ამავე დროს ეკოტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებით განვითარება. ეს უნიკალური ადგილი არის ამის ნათელი მაგალითი, როგორ მოხდა შერწყმა ერთი მხრივ, დაცვა ჩვენი მემკვიდრეობის და მეორე მხრივ, ასეთ თანამედროვე მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტით დაინტერესდა ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ისრაელი და ებრაული კომპანია. ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს პროექტი წაახალისებს და ხელს შეუწყობს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სერვისების განვითარებას. სწორედ ეს არის სწრაფი და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ნაბიჯი. მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბიზნესი იყოს დაცული, რომ ბიზნესი თავისუფლად აკეთონ ბიზნესმენებმა. საქართველო მეშვიდე ადგილზეა ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პირობები არის შექმნილი ჩვენ ქვეყანაში, ყველაზე ნაკლები ბიუროკრატია და ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ ასეთ მაღალი დონის ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენ ქვეყანაში, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. მადლობა ასეთი უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის და მჯერა, რომ ეს ადგილი ძალიან ბევრ ტურისტს შეაყვარებს თავს," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოს დაცვაა და ხელისუფლება ხელს შეუწყობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დღის ამბები