27 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
განმეორებითი სტიქია საგურამოში, სადაც უხვმა ნალექმა დღის ბოლოს ისევ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის გამო საგურამოში ისევ დატბორილია ცენტრალური ქუჩა, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ადგილობრივებს, "კურიერის" ინფორმაციით,  112-ში პირველი სართულებისა და ეზოების დატბორვასთან დაკავშირებით 17 შეტყობინება შევიდა.

ლოკაციაზე ამ დრომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. პარალელურად, შიდა გზებზეც მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

"ერთი კვირის წინანდელი სტიქია განმეორდა. ზიანი ბოლომდე ვერ იქნა აღმოფხვრილი, რომ დაემატა კიდევ ახალი. ისევ იყო უხვი ნალექი, წყლის მოდინება, ხევები გაივსო, წამოიღო ქვა-ღორღი და გადაკეტა გზები, მოძრაობა იყო შეფერხებული, დაიტბორა ძალიან ბევრი სახლი. მობილიზებულია ადგილობრივი ტექნიკა, ასევე საგზაო დეპარტამენტმა დაგვახმარა ტექნიკა, მუშაობს კერძო მფლობელობაში თუ კი რაიმე ტექნიკა არსებობს, ასე რომ მისი დეფიციტი არ არის. მიდის აქტიური მუშაობა.

მთავარია, რომ ახლა გახსნილია გზა, წყალი ნელ-ნელა იკლებს, მოსახლეობაში არ არის პანიკა. დატბორილი სახლებიდან ხდება წყლის ამოტუმბვა, სამაშველო სამსახური მუშაობს ძალიან აქტიურად. ვფიქრობ, რომ დღეს მთავარია ეს აქტიური სტიქიური საკითხი მოგვარდეს და ხვალიდან დავიწყებთ დამატებით უკვე კონკრეტულ სამუშაოებს და ზიანის ანაზღაურებას შეძლებისდაგვარად," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები