27 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
მარიუპოლის შემდეგ სევეროდონეცკი, რუსული ჯარები ქალაქის ქიმიურ ქარხანას უტევენ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს - ვითარება უკრაინაში

მარიუპოლის შემდეგ სევეროდონეცკი - რუსული ჯარები ქალაქის ქიმიურ ქარხანას უტევენ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს. საჰაერო თავდასხმებთან ერთად მძიმე სახმელეთო ბრძოლებიც მიმდინარეობს. ამის პარალელურად უკრაინული ძალები ქალაქის მაცხოვრებლების ევაკუაციას ცდილობენ.

თავდასხმითი შეტევები გრძელდება ლისიჩანსკშიც. რუსულმა ბომბმა იქ სამი ადამიანის, მათ შორის ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ღამით დაიწვა სავაჭრო კომპლექსი და დაზიანდა ოთხი სახლი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აგრესორმა ავიაიერიში დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზეც განახორციელა. თავდასხმამ საცხოვრებელი სახლები დააზიანა. ქალაქის დაბომბვა გრძელდება, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმების პარალელურად, რუსეთი უკვე ოკუპირებულ მიწებზე ზეიმს გეგმავს. თითქმის მთლიანად განადგურებულ მარიუპოლში ხალხი საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. უკრაინელებს ზღვისპირა ქალაქში სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევთ.

უკრაინა ომის დასრულებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკის კონკრეტულ რაოდენობებს ასახელებს. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მსოფლიოს კიდევ ერთხელ მიმართავს.

რუსულმა ძალებმა დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ზელენოდოლსკიც. საცხოვრებელ კორპუსზე დამიზნებით განხორციელებულ გასროლას ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია 5 ადამიანი. ოკუპანტებმა ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების დაბომბვაც განაახლეს. დანაკარგების პარალელურად უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ წერტილებში წარმატებასაც აღწევენ. მათ დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს და 15 კილომეტრით წინ წაიწიეს.

დღის ამბები