27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა არა მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არამედ ყველა სხვა თვეებთან შედარებით. 

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.  

"საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა. ასევე დაფიქსირდა ექსპორტის რეკორდული რაოდენობა, რეკორდული არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ, ზოგადად, ყველა სხვა თვეებთან შედარებით. ეს აღსანიშნავია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო, ასეთ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ ევროპაში. პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა გვქონდა 14,4% და ოთხ თვეში 10,8%, რომელიც მართლაც იშვიათობაა. ამ ყველაფერს ემატება ის პოზიტიური მაჩვენებლები, რომლებსაც მოგახსენებთ. საგარეო გამოწვევების ფონზე, ექსპორტი 48,4%-ით გაიზარდა და შეადგინა 504 მილიონი დოლარი, ხოლო იანვარ-მაისში ექსპორტი გაიზარდა 36%-ით და 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ისევ მოკრძალებული პროგნოზები გვაქვს, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მთელი ბიზნესსექტორი მოტივირებულია. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი სწორად აღიქვამს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას, რომელიც მთავრობამ შექმნა ქვეყანაში და სწორი პოლიტიკის გატარების შედეგია ეს ყველაფერი. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, არ გაეტარებინა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რამე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, აქ ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა.

რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. ვინმეს საერთოდ ახსენდება, ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით.

ევროკავშირი რუსეთს ყოველ დღე უხდის მილიარდ დოლარს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი, ამ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენა რ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები? უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა ღიად და თქვა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქვე დაამატა, რომ არა მხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენო, არამედ ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, ანუ საქართველოში უნდა გადმოსულიყო, მათი გეგმის მიხედვით. გავიხსენოთ, ვინ იყო ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთელი თავისი სატელიტები. ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს," - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

დღის ამბები