27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
დაპირისპირება თსუ-ში - რექტორის კაბინეტში მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრები ამ დრომდე რჩებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში ამ დრომდე რჩებიან მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრები. მათი მოთხოვნები უცვლელია - თანამდებობა დატოვოს რექტორმა, იყოს ფინანსური გამჭვირვალობა, გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში და აშენდეს საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისთვის. იქამდე, სანამ გიორგი შარვაშიძე ამ მოთხოვნებს პირადად არ გაეცნობა, სტუდენტები მისი კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ. 

სპეციალურ ბრიფინგზე დღეს "ბრძოლა განათლებისთვის" წევრებმა რექტორის კაბინეტის დაკავების პროცესი დეტალურად აღწერეს და გადაცდომებისთვის ბოდიშიც მოიხადეს.

პროტესტის გამოხატვის იმ ფორმას, რომელსაც ადგილი რექტორის კაბინეტთან 10 ივნისს ჰქონდა, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე ნაწილი გაემიჯნა. უნივერსიტეტის სენატის წევრებმა "ბრძოლა განათლებისთვის" წევრებს , მოლაპარაკების ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდეს და თქვეს, რომ თავადაც მზად არიან მოთხოვნებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დაიწყონ, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, ასევე პროტესტის მონაწილეებთან.

სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დღის ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ახალგაზრდების ეს ნაწილი განათლების მინისტრთან შეხვედრას და სტუდენტების პრობლემების განხილვას ითხოვს. რაც შეეხება რექტორის კაბინეტის დაკავებას და ხმაურიან პროტესტს, ისინი ამბობენ, რომ მსგავსი ფორმით პროტესტის გამოხატვა მათთვის მიუღებელია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტთა პროფესორთა ჯგუფი გამოეხმაურა. ლექტორებმა სტუდენტებს პროტესტის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდეს და ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გადადგა. 

დღის ბოლოს, უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს განათლების სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები