27 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ევროკავშირის პასუხის მოლოდინი - საქართველოს საზოგადოება ისტორიულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ოპონენტების ურთიერთბრალდებების ფონზე ელოდება

საქართველო ევროკავშირის პასუხს ელოდება. ზუსტად 2 კვირაში გაირკვევა, როგორ გადაანაწილებს ევროპის კავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსებს საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე.

მოხვდება თუ არა საქართველო ამ სიაში? პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაჩქარებული წესით განაცხადს ხელი მოაწერა, ფიქრობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა და საქართველოს ეს ყველაზე მეტად ეკუთვნის. 

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა შედის როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის ინტერესებში და ეწინააღმდეგება რუსეთისას. პრემიერის თქმით, ევროკავშირის მხრიდან თანხმობა ქვეყანას ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით ეკუთვნის. ამბობს იმასაც, რომ ჯერჯერობით პოლიტკორექტულობას ინარჩუნებს, თუმცა თუ საჭიროება დადგება და ევროკავშირისგან უარი იქნება, გაცილებით მეტს იტყვის. 

პრემიერ-მინისტრი დღეს იმ რეზოლუციასაც გამოეხმაურა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. 

პრემიერის განცხადებებს ოპონენტების მწვავე შეფასებები მალევე მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ღარიბაშვილის გზავნილებს ანტიდასავლური უწოდა.

ის, რაც ნიკა მელიამ ბოლომდე არ თქვა, მისმა კოლეგებმა მოგვიანებით დააკონკრეტეს. ოპოზიციის ნაწილის თქმით, თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დადგება.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველო არაერთი გამოწვევის ფონზე ევროინტეგრაციის კუთხით წინ მიდის, თუმცა ახლა უფრო მეტს იმსახურებს.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება. რა იქნება პასუხი, ეს ივნისის ბოლოს ევროკავშირის სამიტზე გაირკვევა.

 

 

დღის ამბები