27 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ემიჯნებიან გუშინ მომხდარ ძალადობრივ ფაქტს, რომელიც მათი თქმით, მიმართული იყო უნივერსიტეტის ინსტიტუციების, დამსახურებული პროფესურისა და დაცვის სამსახურის წევრების წინააღმდეგ. 

გარდა ამისა, სტუდენტების განცხადებით, ლეგიტიმური კითხვები აქვთ და განათლების მინისტრთან და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.

"გუშინდელმა მოვლენებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ ძალადობრივი მეთოდებით პროტესტის გამოხატვა აზიანებს როგორც პროტესტის მონაწილეებს, ასევე საერთო საუნივერსიტეტო მიზნებსაც. ყველასთვის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეილახა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც წარმატებული და რეგიონში გამორჩეული სასწავლო დაწესებულების რეპუტაცია. განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ძალადობრივი ქმედების ორკესტრირებას უზრუნველყოფდნენ ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოება. პროცესების ამგვარმა, მიუღებელმა განვითარებამ ცხადყო, რომ გარეშე პირების ინტერესები არა სტუდენტთა უფლებების დაცვა, არამედ უნივერსიტეტის საქმიანობაში უხეში ჩარევა, საუნივერსიტეტო საზოგადოების დაპირისპირება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეუქცევადი  და ქაოსური პროცესების გამოწვევაა.

ჩვენთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებები ხშირად ახალისებდა უნივერსიტეტში მიმდინარე მარგინალური პროცესების განვითარებას. განათლების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც თავადვე არის საუნივერსიტეტო საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, დღეს ხელს უწყობს უნივერსიტეტში სიტუაციის გამწვავებას. სამინისტრო, რომლის უშუალო კომპეტენციაა სტუდენტური პროტესტის ყველაზე მასშტაბური ნაწილის, საერთო საცხოვრებელის მშენებლობა, ფაქტობრივად ცდილობს, საკუთარი პასუხისმგებლობა მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოაბაროს...

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში მყოფ მშვიდობიან სტუდენტებს, გვიჩნდება ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები ბატონ მიხეილ ჩხენკელთან და მოვითხოვთ ორშაბათს, განათლების  სამინისტროში, ბატონი მინისტრი მის პირად კაბინეტში შეგვხვდეს სტუდენტებს და პასუხი გასცეს იმ შეკითხვებს, რომლებიც სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას პირადად მის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს მიმართ უჩნდებათ,“ - აცხადებენ სტუდენტები.

 

 

 

 

დღის ამბები