თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თსუ-ში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ მოვლენები არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში განვითარდა, რასაც უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება ვერ შეეგუება.
ლექტორები პროტესტის ძალადობრივ გამოხატვას ემიჯნებიან და სტუდენტებს მოუწოდებენ პროტესტის კონსტრუქციულ ფორმას დაუბრუნდნენ.
"მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე სამართალდამცავი უწყებების მიერ.
მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი, გამოცდების ფორმატს აპროტესტებდნენ, 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის ორი შეხვედრა ჰქონდათ რექტორთან, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რასაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება," – აღნიშნულია განცხადებაში.