უკრაინის ომის პირველი სიკვდილმისჯილები - ორი ბრიტანელი და ერთი მაროკოელი სამხედრო ტყვე, რომელთა სიკვდილით დასჯასაც დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აპირებს.
გადაწყვეტილების გამოცხადებას, მყისიერად მოჰყვა მწვავე გამოხმაურება ლონდონში. ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ყველა უწყებას დაავალა, ყველაფერი გააკეთონ ტყვეების ოჯახებში დასაბრუნებლად. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.
რუსეთის მიმართ ბრალდებების საპასუხოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვიდან ხელი დონეცკის მარიონეტული რეჟიმისკენ, ამ შემთხვევაში როგორც სუვერენული სახელმწიფოსკენ გაიშვირეს. მარია ზახაროვამ თქვა, რომ ბრიტანეთმა და მაროკომ ისტერიული განცხადებების ნაცვლად, აჯობებს დონეცკის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ. ამგვარი შეფუთვის მიუხედავად, ბრიტანელი პოლიტიკოსები პირდაპირ მიმართავენ რუსეთს და პასუხისმგებლობას სწორედ მოსკოვს აკისრებენ.
იმის მიუხედავად რომ, ე.წ სასამართლომ სამივე სამხედრო ტყვეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ახლა მათი ბედი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ბევრს ივაჭრებს რუსეთი. არსებობს ვერსია, რომ მათ რაც შეიძლება მეტ რუს სამხედრო ტყვეებში გასაცვლელად გამოიყენებენ. მანამდე ვიდრე ე.წ. განაჩენი აღსრულდება, პროცედურები რჩება, დაკავებულებს გასაჩივრების უფლება აქვთ და ამ უფლებას იყენებენ, რაც ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დროის რესურსს აჩენს. ბრიტანელები - 28 წლის ეიდენ ასლინი და 48 წლის შონ პინერი, ასევე მაროკოს მოქალაქე საუდუნ ბრაჰიმი რუსებმა ტყვედ აპრილის თვეში, მარიუპოლში აიყვანეს.