27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი და პრეზიდენტმა ევროკავშირის ანგარიშში უნდა ჩაიხედოს - ანრი ოხანაშვილი

ბრიუსელში, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი პარტია აკრიტიკებს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი პრეზიდენტისგან ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ისმის.

"ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, რომ ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციისა  მაშინ, როდესაც ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. ფაქტები მეტყველებს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების დღის წესრიგი და ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ჩაიხედოს, ან ურჩიონ ჩაიხედოს ევროკავშირის ანგარიშში.

სამარცხვინოა ასევე შეფასება, რომ თურმე კრიმინალი სააკაშვილი და სტრასბურგის არაერთხელ მხილებული სააკაშვილი - გვარამია უნდა ახსენო იმავე კონტექსტში, რა კონტექსტშიც უნდა ახსენო ბიძინა ივანიშვილი. სამარცხვინოა ერთ სიბრტყეში დაყენება კრიმინალების და იმ ადამიანის, რომელმაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას კრიმინალებისგან თავი დააღწევინა", - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ როდესაც პრეზიდენტი საუბრობს გვარამიასა და სააკაშვილზე, იმავე კონტექსტში არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილზე ისაუბროს.

"უნდა განასხვავოს ერთმანეთისგან, როდესაც საუბრობს გვარამიაზე და სააკაშვილზე, იქ, რასაკვირველია, იმავე კონტექსტში და იმავე ფრაზეოლოგიით არ შეიძლება ისაუბროს ბიძინა ივანიშვილზე.

ამას კონკრეტული არგუმენტაცია და ლოგიკა აქვს იმიტომ, რომ თუ კი ერთ შემთხვევაში, მართლაც შეიძლება ეს ადამიანები, როგორიც არიან გვარამია და სააკაშვილი ცდილობდნენ, რომ ქვეყანა გადაიყოლონ  განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც რეალურად შეძლო, რომ ამ ქვეყანაში ცოტა შეეცვალა კლიმატი. თითქოს ვინმე ხელს უშლის პრეზიდენტს ფუნქციების შესრულებაში და განხორციელებაში, თუმცა აქაც ისეთი სფეროა, სადაც არ მგონია, რომ მაინც და მაინც ასე უსაფუძვლო ბრალდებებით მანიპულირება იყოს შესაძლებელი. როდესაც ჩამობრძანდება, ადგეს, თქვას ვინ, რაში და როგორ შეუშალა ხელი კონკრეტული მტკიცებულებები",  - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები