ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოძრაობა "სირცხვილია" აქციას აანონსებს. "შინ ევროპისკენ" - ასე ჰქვია შეკრებას და როგორც აქტივისტები ამბობენ, ამ აქციით აპირებენ, დასავლური ღირებულებების შესახებ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ცნობილია, რომ აქციას სამოქალაქო ჯგუფები აორგანიზებენ, თუმცა პარლამენტის წინ პოლიტიკურ პარტიებსაც ელოდებიან.
მმართველი გუნდი ამ შეკრებაზე პროვოკაციებს ელოდება და თვლის, რომ მსგავსი აქცია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
რუსთაველზე მისვლა უკვე დაადასტურეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც. "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, აქციას უერთდებიან "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი".
ოპოზიციის ამ ნაწილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". ისინი მოძრაობა "სირცხვილიას" დაანონსებულ აქციას არ უერთდებიან.
"ქართული ოცნება" აქციის მონაწილეებს მხოლოდ იმას ურჩევს, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამდე, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები აქციასთან ერთად, ევროპის მოედნისკენ მსვლელობასაც გეგმავენ.