27 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
დემოკრატია საქართველოში და ნატო-საქართველოს ურთიერთობა - "კურიერის" ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან

"კურიერმა" ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კარენ დონფრიდთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. დემოკრატია საქართველოში და ნატო საქართველოს ურთიერთობა - ეს იყო ორი მთავარი თემა.

ვაშინგტონისთვის თბილისი მტკიცე პარტნიორია, რომელიც მძიმე სამუშაოს ასრულებს მთავარი მიზნის - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისაღწევად. ვაშინგტონი ერთგულია ბუქარესტის სამიტის და თბილისისგან დემოკრატიული რეფორმების კიდევ უფრო გაძლიერების მოლოდინი აქვს.

"კურიერმა" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით ჰკითხა. ცნობილია, რომ ანკარის თანხმობის შემთხვევაში შვედეთი და ფინეთი ნატოს სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე მიუერთდებიან. კითხვაზე, ასეთივე "მაპის" გარეშე მიერთების პერსპექტივა არსებობს თუ არა საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში, თუკი ისინი წევრობისთვის მზად იქნებიან, - სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქართული ჯარის შესაძლებლობებს და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

"როგორც იცით, შეერთებული შტატები მტკიცედ დარჩა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგული და ჩვენ ამის დამტკიცებას ვაგრძელებთ. საქართველო ჭეშმარიტად ნატოს მტკიცე პარტნიორია. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ჯარი ამერიკულ და სხვა პარტნიორ ჯარებთან ერთად, მსახურობდა მნიშვნელოვან ოპერაციებში.

ნატომ კი საქართველო აღიარა გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორად, რომელიც ნატოს უახლოესი პარტნიორებისთვის განსაკუთრებული კატეგორიას წარმოადგენს. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ მართლაც დადებითი ტრაექტორია საქართველოსთვის, ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვეყრდნობით 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ერთ დღეს შეუერთდება ორგანიზაციას.

ჩვენთვის ახლა აქცენტი საქართველოსთან მუშაობაა ყველა საჭირო და სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიულ რეფორმაზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს და რომელიც აუცილებელია ნატოს წევრობისთვის. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მძიმე სამუშაოს, რომელსაც საქართველო ახლა ასრულებს უზრუნველყოფს საქართველოს ნატოს წევრობას. თქვენი შეკითხვა "მაპთან" დაკავშირებით საინტერესოა, რა თქმა უნდა, შვედეთი და ფინეთი - ეს არ იყო ის, რასაც ისინი მისდევდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, რეალურად მთავარი გზავნილი არის ის, რომ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, საქართველო უნდა დარჩეს ერთგული, გულმოდგინედ განაგრძოს მუშაობა იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო გახდეს ნატოს ყველაზე ძლიერი შესაძლო წევრი," - აცხადებს დონფრიდი.

"კურიერმა" სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ისაუბრა დემოკრატიის შესახებაც. მისი თქმით, რეფორმები აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. მან ისაუბრა, ამ კუთხით, საქართველოს მხარდაჭერაზე და იმ სფეროებზე, რომლებშიც აშშ გამოწვევებს ხედავს და საქართველოს ეხმარება. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კანონის უზენაესობა და მის მიმართ მოქალაქეების ნდობა, დამოუკიდებელი სასამართლო, შერჩევითი დაკავებები და გასამართლება, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქმება, პირად სივრცეში უკანონოდ ჩარევა, ძალადობა ჟურნალისტების და ლგბტ საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ.

"თავიდანვე, შეერთებული შტატები იყო და მე ვიტყოდი, არა მხოლოდ შეერთებული შტატები, ამერიკელი ხალხი, სოლიდარული ქართველი ხალხის მიმართ, მხარს უჭერდა თქვენს სურვილს თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოსთვის. ჩვენ, ასევე, მუდმივად ნათლად ვაფიქსირებდით, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასე რომ, ეს არის ამ ურთიერთობის კონტექსტი.

როცა საქართველოს დემოკრატიულ წარსულზე ვსაუბრობთ, არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ თქვენთან. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. თქვენ ითხოვთ ამის კონკრეტულ მაგალითებს. მსურს შევეხო რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს, მაგრამ, ასევე, მინდა ნათლად განვაცხადო ჩვენი მხარდაჭერა იმ სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ აკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. ეს ყველაფერი ეხება 20 000 ქართველი ჯარისკაცის მომზადებას, 6000 ქართველის შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო მიზნით ჩამოყვანას. ეს თანხები მოხმარდა ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას.ასე რომ, როდესაც ჩვენ ამ დემოკრატიულ რეფორმებს ვხსნით, ერთი რამ, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება, არის მოწოდება ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები, ასევე, კანონის უზენაესობა. ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ სასამართლოს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია საქართველოს მთავრობისა და ხალხისთვის, რადგან ეს, ასევე, ეხება მოქალაქეთა ნდობის გაძლიერებას კანონის უზენაესობის მიმართ საქართველოში.

სხვა დემოკრატიული გამოწვევების თვალსაზრისით, თქვენ მოიხსენიებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ საქართველოსთვის. არსებობს ადამიანის უფლებების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც მითითებულია იქ და ეს მოიცავს სარწმუნო ცნობებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური, ან შერჩევითი დაკავებების გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომლებიც ფართოდ განიხილება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, ასე რომ, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი სფერო, მეორე არის უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში.

კიდევ ერთი საკითხია ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მუქარა და აი, აქ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძალაუფლების ასეთი მნიშვნელოვანი მაგალითი. ეს არის გადამწყვეტი ელემენტი ნებისმიერი პატარა ლიბერალური დემოკრატიისთვის.

კიდევ ერთი შეშფოთება, რომელიც ჩვენ გამოვთქვით, იყო შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდული პატივისცემა. და ბოლო - არის დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან მუქარას, რომელიც მიმართულია ლგბტქ პირებისა და აქტივისტების მიმართ. ასე რომ, ეს არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან.

ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც უნდა იყოს ძლიერი და მტკიცე თავის დემოკრატიაში და აქვე უნდა დავამატო, რომ ამას ვამბობ, როგორც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი და მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ვფიქრობ, შეერთებული შტატები ასევე მუშაობს ჩვენი საკუთარი დემოკრატიის განმტკიცებაზე.

მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი აგზავნის, როდესაც ის დემოკრატიაზე საუბრობს, არის ის, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებშიც გვაქვს სამუშაო. ასე რომ, ეს არის ის, რასაც ჩვენ, როგორც კარგი მეგობრები და პარტნიორები ვაკეთებთ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება ამ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ უფრო ძლიერი დემოკრატიები ვიყოთ, რადგან დემოკრატია არ არის საბოლოო წერტილი. ეს არის მიმდინარე პროცესი ყველა ჩვენგანისთვის. ასე რომ, ეს არის საერთო ვალდებულება უფრო ძლიერი დემოკრატიისადმი," - ამბობს დონფრიდი.

საქართველოს ევროკავშირთან შეერთების პერსპექტივასთან დაკავშირებით კარენ დონფრიდი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობას გააღრმავებს. მან თქვა, რომ ისევ მოუწოდებენ რეფორმების გაძლიერებისკენ, რაც საქართველოს გააძლიერებს დამაზიანებელი ძალების წინააღმდეგ და ასევე, გააუმჯობესებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.

დღის ამბები