27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი ხელით ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს - რა პოზიცია აქვს მმართველ პარტიას

საპარლამენტო ოპოზიცია საქმიანობას დღეიდან კიდევ ერთი დეპუტატის გარეშე განაგრძობს. ზაალ უდუმაშვილი მეექვსეა, ვისაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილებამ "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩახსნილი სიების აღდგენის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახადა.

პარტია ორი წლის წინ საკუთარი სურვილით მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ მართებულად მიიჩნევს, თუმცა ვაკანტური ადგილების შევსებისთვის, "ოცნებისგან" ახალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვს.

ოპონენტებს მალევე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა. ირაკლი კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" სამოქმედო სტრატეგია დაუწუნა და თქვა, რომ პარლამენტი არასამართლებრივ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ინიციატივას მხარს ის ოპოზიციური პარტიებიც უჭერენ, ვინც 2020 წელს პარლამენტის დემონსტრაციულ ბოიკოტირებასა და სიების ანულირებაში მონაწილეობა მიიღო. განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. პოლიტიკურ ცენტრში კოლეგებს წარსულში მათ მიმართ ბრალდებებს ახსენებენ და ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურმა კლასმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.

"ნაცმოძრაობის" ინიციატივას სამართლებრივად დაუსაბუთებელს და ანტიდემოკრატიულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები. პოლიტიკოსების თქმით, ოპოზიცია, 2 წლის წინ საპარლამენტო დემარშის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვს.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პარლამენტის ბოიკოტირების მიზნით სიები 2020 წელს დემონსტრაციულად ჩახსნა. ორწლიანი საკანონმდებლო საქმიანობის შემდეგ კი, პოლიტიკოსები ადგილმონაცვლეების არარსებობის გამო ანულირებული დოკუმენტის აღდგენას მეორედ ითხოვენ.

დღის ამბები