27 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ევროკავშირის მიერ ორ თვეში მიღებული ორი განსხვავებული დოკუმენტი - კმაყოფილია თუ არა ოპოზიცია და რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას

ხელისუფლებისთვის სტრასბურგში მიღებული რეზოლუცია უსამართლოა. ევროდეპუტატების რეზოლუციის შეფასებისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აქცენტი დოკუმენტში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებზე გააკეთა. "ქართული ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეფუძნება.

რეზოლუციის ავტორებს, რომლებიც ხელისუფლებას ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეების გამო აკრიტიკებენ და საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებაზე მიუთითებენ, ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დრო და მედიაზე თავდასხმის კონკრეტული ფაქტები შეახსენა, მათ შორის, 7 ნოემბერი და ტელეკომპანია "იმედის" დარბევა.

ბოლო გაფრთხილება მოსალოდნელ საფრთხეებზე - ასეთია ოპოზიციის შეფასება, სადაც რეზოლუციის ტექსტს სრულად ეთანხმებიან და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, ევროპარლამენტარების გზავნილებს შემხვედრი ნაბიჯებით უპასუხონ.

მმართველი პარტია კი ხელოვნური ბარიერების შექმნაში ოპოზიციას ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის რეზოლუცია გაიხსენეს, რომელიც, მათივე თქმით, საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ვითარებასა და მედიაგარემოს რადიკალურად განსხვავებულად, პოზიტიურად აფასებდა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების შეცვლილი განწყობები ბევრ კითხვას და ეჭვს აჩენს, რასაც ისინი პროცესში ოპონენტების ჩართულობას და ინტერესებს უკავშირებენ.

პოლიტიკურ პარტიებში თანხმდებიან, რომ ახლა მთავარია, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ოპოზიციამ, ევროდეპუტატების კრიტიკის მიუხედავად, ეს სურვილი მათ განცხადებებში ამოიკითხა.

მმართველი გუნდის თქმით, გადამწყვეტი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერების აზრით, რეზოლუციისგან განსხვავებით, უფრო სამართლიანი იქნება.

მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია ევროპარლამენტის 5-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააინიცირა. მას მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა, 218-მა ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.

დღის ამბები