27 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ომის 106-ე დღეს ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტები დაწინაურდნენ - რა ვითარებაა უკრაინაში

ლუჰანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი რამდენიმე კვირაა საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრშია. ომის 106-ე დღეს ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტები დაწინაურდნენ. ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს ახლა რუსები აკონტროლებენ. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცების გააქტიურების შემდეგ, ოკუპანტებმა, საჰაერო დარტყმებითა და არტილერიის გამოყენებით მისი მიწასთან გასწორება დაიწყეს.
თუმცა, ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, უკრაინამ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონაზე, ქალაქის გარეუბანში მდებარე საკვანძო ზონაზე კონტროლი შეინარჩუნა. სასტიკი ბრძოლა ქალაქის შიგნით, ქუჩებში მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ლუჰგანსკის ოლქში ბრძოლის დროს დაიღუპა. 23 წლის კირილ შანავა სხვა ქართველ მოხალისეებთან იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. შანავა უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. რუსულ ძალებთან ომს შეეწირა კიდევ ერთი ქართველი, 23 წლის დანიელ გერლიანი, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო. უკრაინაში ომს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათში, 20 დასახლება დაბომბეს.

დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ძალებმა საარტილერიო და სარაკეტო შეტევები განახორციელეს. იბომბება ლისიჩანსკის, უსტინოვკას, გორსკოესას და ეკატერინოვკას რაიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სროლის და აფეთქების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. ბოლო 24 საათში რუსული მხარის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, დონეცკში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ბოლო 24 საათში დაიბომბა ხარკივის ოლქიც. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ. რუსულ თავდასხმას ხარკივის ოლქში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიშები განხორციელდა ჟიტომირის მიმართულებით

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სვეროდონეცკისთვის ბრძოლა, შესაძლოა, გადამწყვეტი გახდეს მთელი დონბასის ბედისთვის - ამის შესახებ განაცხადა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკიმ. რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება, განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალ „თაიმის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

"რატომ არ შეგვიძლია სისხლისღვრის შეჩერება? რატომ არ მუშაობს სრულად ჩვენი გავლენა? რუსული ფლოტი და არა ბრიტანული ან რომელიმე სხვა ბლოკავს უკრაინის შავი ზღვის პორტებს ისე, რომ მსოფლიო აღმოჩნდა საშინელი სასურსათო კრიზისის წინაშე. ეს არ არის მხოლოდ ფასის ზრდის კრიზისი. ჩვენ არ შეგვიძლია ექსპორტზე ჩვენი ხორბლის, სიმინდის, მცენარეული ზეთისა და სხვა პროდუქტების გაგზავნა, რომლებიც ასრულებდნენ გლობალურ ბაზარზე სტაბილიზაციის როლს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ათობით ქვეყანაში, სამწუხაროდ, შეიძლება, შეიქმნას პროდუქტების ფიზიკური უკმარისობა," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები