თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ სასამართლომ ბრიტანელები შონ პინერი და ეიდენ ასლინი, ასევე - მაროკოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმი დამნაშავედ ცნო ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში, ასევე, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით წვრთნების გავლაში.
სამივე მათგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეა, რომლებმაც, ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მოაწერეს კონტრაქტს ხელი. სამივე მათგანი ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იბრძოდნენ და ქალაქის დაცვაში იღებდნენ მონაწილეობას.
ე.წ სასამართლომ სამივე მათგანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ე.წ სასამართლო უმოკლეს ვადებში გაიმართა და არ იყო მედიისთვის მისაწვდომი. პროცესის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო მედიის მეშვეობით ვრცელდებოდა.
მსჯავრდებულების ნათესავების მტკიცებით, მათ ახლობლებს ნორმალური დაცვის საშუალება არ ჰქონდათ და ადვოკატები, რომლებიც მათ ადგილზე დაუნიშნეს, მათი ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებდნენ.