27 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
სტრასბურგში დამტკიცებული დოკუმენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების საგანია - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

სტრასბურგში დამტკიცებული დოკუმენტი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების საგანია - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი ევროპარლამენტის რეზოლუციას ლობირების შედეგს უწოდებს. ხელისუფლებას მომდევნო ორი კვირის გამოყენებას ურჩევენ ოპონენტები. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ახლა ქვეყნისთვის დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაა. შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაბრუნებაზე ამახვილებს ყურადღებას "ლელო".

პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ შინაარსის რეზოლუცია, მაშინ როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, უარყოფით გარემოს ქმნის.

"უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების" "დამსახურებით", საქართველო ამ პროცესს ხვდება მხარდამჭერი რეზოლუციის გარეშე. უფრო მეტიც, საქართველოსთან მიმართებაში მიღებულია ძალიან კრიტიკული რეზოლუცია, ამ რეზოლუციაში არის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ, მაგრამ, ამავე დროს, არის ძალიან მკაფიო წითელი ბარათი და უმძიმესი ვერდიქტი კონკრეტულად და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მისამართით. სწორია, როდესაც ისინი განასხვავებენ ერთმანეთისგან ხალხს და ხელისუფლებას," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

უმძიმეს რეალობას უწოდებს ევროპარლამენტის რეზოლუციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და სიტუაციის გამოსასწორებლად ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

"უმძიმესი რეალობა დადგა ჩვენი ქვეყნისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ძალიან მძიმე რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ არის სრულად ასახული. ისევე, როგორც ახლოსაა კანდიდატის სტატუსი, ასევე ახლოსაა ის, რომ რაც მოპოვებული გვაქვს, ისიც დავკარგოთ. კატასტროფულ ვითარებას პასუხი უნდა გავცეთ, სამშობლო გვიხმობს, გადამწყვეტი დღეებია და ერთიანობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შექმნილ ვითარებას ფეხბურთში ყვითელი ბარათის ჩვენებას ადარებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია და ამბობს, რომ ეს "ქართული ოცნების" დიპლომატიური მარცხია:

"გვაჩვენებენ ყვითელ ბარათს და ამის შემდეგი ნაბიჯი კი იცით, რაც არის ფეხბურთში. პოლიტიკაშიც იგივეა, უბრალოდ, ტექნიკურად როგორ აისახება, ეს არ ვიცი, მაგრამ, პრინციპულად, ერთი და იგივეა.

ახლა ბურთი, მე მგონი, "ქართული ოცნების" მხარესაა. ეს ყველაფერი მათი დიპლომატიური მარცხია და ისინი არიან გამოსასწორებელი. თუ არადა, სადაც მივა ეს პროცესი, მგონი, ყველა ხედავს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ევროპარლამენტის დოკუმენტი საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევებს ეხება, ამასთან, დამტკიცდა შესწორება, რომელიც წევრ ქვეყნებსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, მოუწოდებს განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე.

დღის ამბები