27 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
პარადოქსია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს, ლამის, ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

კობახიძემ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული მედია გარემო, ასევე, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემები შეადარა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა.

"პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.

სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება.

2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა.

საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში.

ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს "კეთილმოსურნე" შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს "კეთილმოსურნეებს" შეიძლება არ მოსწონთ რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილის და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან. საქართველოს  "კეთილმოსურნეებს" შეიძლება არ მოსწონთ რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები