27 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"ჩართეთ წამზომი და დაელოდეთ, თუ პირველივე ერთ წუთში არ იქნება ზიზღის სიტყვა, დაელოდეთ თუ გაძლებს ერთი წუთი მაინც ზიზღი არ გამოურიოს" - პაპუაშვილი სამადაშვილზე

ევროინტეგრაცია, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, სიძულვილის ენა და პოლარიზაცია - საკანონმდებლო საკითხების გარდა, ძირითადად, სწორედ ამ თემებს ეხებოდა პოლიტიკური დებატები პარლამენტში.

დისკუსია დეპუტატებს შორის მას შემდეგ გაიმართა, რაც პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგების წინაშე მოხსენებით წარდგა. პლენარულ სხდომაზე იყო კამათი და ოპონენტების კრიტიკა.

"ბატონო შალვა გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს. იქნებ მათ რაღაც განათლება დაჩქარებული კურსით მისცეს, რათა სიტყვის თქმისას მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ," - ამ სიტყვებით "ლელოს" ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა.

საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა აღნი​შნა, რომ სამადაშვილი ზიზღის შემცველი რიტორიკით გამოირჩევა.

"როდესაც ქალბატონი სალომე გამოვა, ჩართეთ წამზომი და დაელოდეთ, თუ პირველივე ერთ წუთში არ იქნება ზიზღის სიტყვა. დაელოდეთ, თუ გაძლებს ერთი წუთი მაინც ზიზღი არ გამოურიოს. ჯერ კითხვა დასვა, შემდეგ დააზუსტა და თქვა ჯერ "კლოუნიო", მერე ქალბატონ მაკაზე თქვა "დაქირავებულიო", მერე - "მოძალადეებიო". რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო და რა იმედები გვაქვს, როდესაც ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ელაპარაკება ევროპაში და არწმუნებს. ხომ ხვდებით რაზე ელაპარაკება? რაზე უნდა ელაპარაკოს, იმაზე, რომ "კლოუნები" არიან ხელისუფლებაში, იმაზე, რომ დაქირავებულები არიან ხელისუფლებაში? იმაზე, რომ მოძალადეები არიან და ზიზღია ყველგან? ეს არის მისი პოლიტიკური ამოცანა. ერთადერთი რჩევა მექნება მასთან, რომ რეფლექსია მოახდინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები