27 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ყველაზე სევდიანი "ბოლო ზარი" - უკრაინელმა მოსწავლეებმა სკოლა ზეიმის გარეშე დაასრულეს

ხარკოვში ოკუპანტების მიერ განადგურებული სკოლის ნანგრევებთან, მოსწავლეებმა ვალსი იცეკვეს. ხარკოვის 134 - ე სკოლის "ბოლო ზარზე", მოსწავლეების მიერ შესრულებულ ცეკვას, უკვე მსოფლიოს ყველაზე სევდიანი "ბოლო ზარი" უწოდეს. გარემო ომის შესაბამისია, მაყურებელი მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე სამხედროა, რომლებიც პარალელურად, ახალგაზრდების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

კიდევ ერთი სკოლა ხარკოვში, რუსმა სამხედროებმა 27 თებერვალს დაბომბეს. შენობა აღარ არსებობს, საბანკეტო კაბით გამოწყობილი ერთ - ერთი მოსწავლე ნანგრევებთან მივიდა და სამახსოვრო ფოტო სიმბოლურად მაინც გადაიღო.

ომის და საფრთხის მიუხედავად, მიკოლაევის ოლქის კალინოვის სკოლაში "ბოლო ზარზე" მისვლა 13 - მა კურსდამთავრებულმა მაინც გადაწყვიტა. მათთვის დღესასწაული მხოლოდ სასწრაფო წესით ატესტატების აღება და თავშესაფრებში დაბრუნება აღმოჩნდა.

ქალაქ კროპივნიცში, "ბოლო ზარი" ნამდვილად გაიმართა, თუმცა იქ შეკრებილი ახალგაზრდები კლასელები არასდროს ყოფილან. საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულ კურსდამთავრებულებს, სკოლის ატესტატები მოხალისეთა ბანაკში გადასცეს.

"ბოლო ზარი" არ იქნება ოდესაში. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საომარი მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების მიზნით აკრძალა გამოსაშვები საღამოებიც.

ოკუპირებულ მარიუპოლში ერთ - ერთმა მოსწავლემ, თავის სკოლაში შესვლა მოახერხა და დანგრეული საკლასო ოთახებიდან ვიდეო გაავრცელა. "ბოლო ზარი" და ზეიმი არც მარიუპოლში იქნება, იქ ბომბებს გადარჩენილი სკოლაც არ არსებობს.

უკრაინელმა კურსდამთავრებულებმა სპეციალური ვიდეო თავისი ასაკის რუსი მოსწავლეებისთვის დაამზადეს. ამ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ზეიმობენ "ბოლო ზარს" რუსეთის ფედერაციაში და რა ხდება პარალელურად უკრაინაში.

დღის ამბები